სამხედრო წვრთნებისას გაუჩინარებული მყვინთავის ოჯახისთვის თანხის გამოძალვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე საკუთარ მტკიცებულებები ბრალდების მხარემ წარმოადგინა. საქმე ეხება ჯგუფურად თაღლითობის მცდელობას.
პროკურორის, დავით კვინიკაძის თქმით, დაკავებულები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაზეც არსებობს მტკიცებულებები.
ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე კი ბრალდების მხარეს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად არის მოტყუებული და მსხვერპლი. ადვოკატის თქმით, ჯამბულ შეყილაძემ წერილების შინაარსი არ იცოდა.
შავ ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის ოჯახისგან ფულის გამოძალვას სამი ადამიანი ცდილობდა. ირკვევა, რომ ერთი წლის წინ დაკარგული შვილის, გიორგი ნანიტაშვილის, სახელით მშობლებთან 4 წერილი გააგზავნეს.
წერილის ავტორი თავს დაკარგულ ჯარისკაცად ასაღებდა. წერდა, რომ თურქეთშია და პრობლემების მოსაგვარებლად 39 ათას დოლარის გადარიცხვას ითხოვდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.