ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით პროცესი დღეს გაიმართა.
ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა მსახიობი დღეს გამთენიისას გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რის გამოც დააკავეს და ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლით წაუყენეს.
მსახიობი ამბობს, რომ ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, რის გამოც სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია.
მსახიობი პოლიციის თანამშრომლებს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს.
„გამოიძახეს დაცვის პოლიცია კონკრეტულმა ობიექტმა. რის შემდეგაც ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გავხდი. გამოირჩეოდა განსაკუთრებით მე-6 განყოფილება აგრესიით. რაც შეეხება მე-6 განყოფილებას, მეტი თავაზიანობა პატივცემულებო, მაგრამ ერთი-ორი აუცილებლად დატოვებთ სამსახურს, მე გაძლევთ ამის პირობას, ანრი ბიბინეიშვილი. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ვერ გაუთავისებიათ, რას ნიშნავს. უფლების დაცვის ნაცვლად, თქვენ უფლებას არღვევთ,“ - განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა.