20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
21 ოქტომბერს დაფიქსირებული დარღვევები - ენმ ვიდეომტკიცებულებების მორიგ ნაწილს ასაჯაროებს

ნაციონალური მოძრაობა 21 ოქტომბრის დღეს გამოვლენილი დარღვევების ამსახველ ვიდეომტკიცებულებების კიდევ ერთ ნაწილს ასაჯაროებს.

ერთ-ერთი დარღვევა მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული.

ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ქართული ოცნების წევრია, რამდენიმე წუთის განმავლობაში საარჩევნო ბიულეტენებით ხელში მოძრაობს. ის უბანს რამდენჯერმე ტოვებს, ერთ-ერთი გასვლის შემდეგ კი, ბიულეტენების გარეშე ბრუნდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ვიდეომასალებით, რომელიც 3 ათასზე მეტი უბნიდან მხოლოდ 300-მდე უბანს მოიცავს, გაყალბების უპრეცენდენტო მასშტაბი ვლინდება.

ფოთში რამდენიმესაათიან მასალაში დარღვევის ფაქტი რამდენჯერმე მეორდება. საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ჯერ კომისიის წევრს უჩვენებს და ურნაში კონვერტს მხოლოდ ამის შემდეგ აგდებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ ამ ერთ უბანზე ასეთი 19 შემთხვევა დათვალა.

ქუთაისში საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი, ბიულეტენის ნაცვლად, კომისიის წევრს ტელეფონით გადაღებულ ფოტოს უჩვენებს.

ოპოზიციურმა პარტიამ ყველა მტკიცებულება სამართალდამცველ სტრუქტურებს უკვე წარუდგინა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაუქმებაც მოითხოვა. თუმცა, სასამართლო ვიდეომტკიცებულებებში არჩევნების სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს.

დღის ამბები