20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ბორჯომში მერობისთვის "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული ოცნების" კანდიდატები იბრძოლებენ

ბორჯომში მერობისთვის პატრიოტთა ალიანსის და ქართული ოცნების კანდიდატები იბრძოლებენ. ბორჯომელებს მეორე ტურში არჩევანის გაკეთება პატრიოტთა ალიანსიდან - ზაზა ჩაჩანიძესა და ქართული ოცნებიდან - ლევან ლიპარტიას შორის მოუწევთ.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ბორჯომის მერობის კანდიდატი, ლევან ლიპარტია, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველ ტურში საჭირო რაოდენობის ხმები საკმარისი აქტიურობის არქონის გამო ვერ მოაგროვა. მერობის კანდიდატის თქმით, ახლა გაცილებით უფრო აქტიური კამპანია მიმდინარეობს.

„უნდა ამირჩიონ იმიტომ, რომ დავიწყებ იქიდან, რომ თუნდაც, ყველაზე მთავარი რაც არის, ვარ ცენტრალური ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - აცხადებს ლევან ლიპარტია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ბორჯომის მერობის კანდიდატი, ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, მობილიზებულები არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და მოსახლეობას ემუქრებიან, რომ შეშას ვერ მიიღებენ.

„სერიოზული ზეწოლები მიდის უფრო სოფლის მოსახლეობაზე, აშინებენ. ჩამოყვანილია ყველა ძალოვანი წარმომადგენლები, თუ რამე კავშირი აქვთ ბორჯომთან. დადიან მათ ნათესავებთან, ახლობლებთან და მიდის დაშინება, ჩაგსვამთ შავ სიებში, ვერ მიიღებთ შეშას და ყველანაირ მუქარას იყენებენ, რომ დააშინონ მოსახლეობა მეორე ტურისთვის,“ - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლევან დევიძე, აცხადებს, რომ 30-ვე საარჩევნო უბანი მეორე ტურის ჩასატარებლად მზად არის.

„ბორჯომის ნომერ 36-ე საარჩევნო ოლქის საზღვრებში სულ 30 საარჩევნო უბანია. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა საუბნო საარჩევნო კომისია მზად არის იმისთვის, რომ ხვალ კენჭისყრის პროცესი ყველა უბანზე წარიმართოს შეუფერხებლად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით,“ - განაცხადა ლევან დევიძემ. 

დღის ამბები