20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
თბილისის საპატიო მოქალაქეები 1979-2016 - წიგნში დაშვებული ფაქტობრივი შეცდომები

თბილისის საპატიო მოქალაქეები 1979-2016 - ამ სახელწოდებით გამოიცა წიგნი, რომელშიც საპატიო მოქალაქეების ოჯახის წევრებმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დააფიქსირეს.

ქართველი მუსიკოსის, ოთარ რამიშვილის, შემოქმედებას და დამსახურებას წიგნში მხოლოდ ორი გვერდი დაეთმო. საიუბილეო ალბომში ქალაქის კოლორიტის, მომღერლის, პოეტისა და კომპოზიტორის, სულ ორი დაბეჭდილი ფოტოდან ერთი შეეშალათ. ფოტოზე რამიშვილის ნაცვლად, მომღერალი ზურა მანჯავიძეა.

ასევე, შეცდომითაა დაბეჭდილი ქართველი ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის ფოტო. წიგნში მისი სახელის ქვეშ პოეტ რენე კალანდიას ფოტოა. ასევე, მკითხველი წიგნიდან იგებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძის შემოქმედების ამსახველი ფოტოებიც არასწორადაა დაბეჭდილი. რამდენიმე ქანდაკების ფოტო გია ჯაფარიძეს საერთოდ არ ეკუთვნის და არც მის მითვისებას გეგმავს.

საპატიო თბილისელი ახლა კომენტარს არ აკეთებს, ელოდება მერიის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაპირება მისცეს, რომ დაშვებულ შეცდომას გამოასწორებენ, თუმცა, რა გზით, უცნობია.

გამოცემული წიგნი ყველაზე კრიტიკულად ხელოვანებმა შეაფასეს. საპატიო მოქალაქეებისა და მათი ოჯახების წინაშე დაშვებული შეცდომების გამო, თბილისის მერიას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.

40-წლიან საპატიო თბილისელების ისტორიას მომავალ წელს კიდევ ახალი გვარები დაემატება. მანამდე კი არასწორი ფოტოებით და არასწორი ინფორმაციებით დავით ნარმანიას მერობის დროს გამოცემული საიუბილეო წიგნი ყველა საპატიო ქალაქელის ოჯახში დაიდებს ბინას.

დღის ამბები