ბორჯომში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან. პირველ ტურში მოწინააღმდეგეებმა თითქმის იდენტური ხმები დააგროვეს.
ბორჯომში სულ 30 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც საარჩევნო პროცესი დაახლოებით 2 საათია რაც დაიწყო. სულ ბორჯომში 26 ათას 529 ამომრჩეველია.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი არ შესულა.
„საარჩევნო პროცესი 30-ვე საარჩევნო უბანზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი განცხადება საჩივარი ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. სულ, ბორჯომის ოლქში არის 30 საარჩევნო უბანი, 26 ათას 529 ამომრჩეველი. საარევნო უბანზე მისულ ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ერთი, მერის ასარჩევი ბიულეტენი,“ - აღნიშნა ბორჯომის #36-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან დევიძემ.