12:00 საათის მონაცემებით, 6 საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს საერთო ჯამში დაახლოებით 11 პროცენტიანი აქტივობა ფიქსირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ოლქებში შესულია სხვადასხვა შინაარსის საჩივრები, თუმცა ცესკო მათ სერიოზულად არ მიიჩნევს.
„6-ვე ოლქში, საერთო ჯამში, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა არის 11.55%, რაც რაოდენობრივად 37 ათას 917 ამომრჩეველია. ამომრჩეველთა აქტივობას საარჩევნო ოლქების მიხედვით კი შემდეგია: ყაზბეგი 17.4%, ხაშური 11.5%, ბორჯომი 18.2%, ქუთაისი 6.2%, ოზურგეთი 21.5% და მარტვილი 11.5%,“ - განმარტა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.
გარდა ამისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა სხვადასხვა უბნებიდან შესული საჩივრების შესახებაც ისაუბრა.
„2-2 საჩივარი არის შესული ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, ხოლო ერთი საჩივარი არის შესული ხაშურში. კონკრეტულად, ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქის #124-ე საარჩევნო უბანზე პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული“ მოძრაობის მიერ დანიშნული წევრი, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მერვე ჰქონდა შეწყვეტილი, გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის წინა პროცედურებში. კომისიის თავმჯდომარემ, როდესაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ წევრს უფლებამოსილება ჰქონდა შეწყვეტილი, დაუყოვნებლივ დაატოვებინა მას საარჩევნო უბანი. მეორე შემთხვევაც ქუთაისშია. კონკრეტულად, კი #74-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი, რომელიც შეცდომით იყო შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში, იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას, დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა, შეყვანილი იყო თავად გამცხადებელი,“ - აღნიშნა ანა მიქელაძემ.