20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"ჩვენმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა ფულის გადაცემის ფაქტი," - კონსტანტინე შარაშენიძე

საარჩევნო უბნების დახურვამდე ორ საათზე ნაკლები რჩება - კენჭისყრის პროცესი ექვსივე საარჩევნო ოლქში მთლიანობაში მშვიდად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარმომადგენლებმა შრომის საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეომასალა გაასაჯაროვეს, რომლის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, რომ უბანზე, ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, მის მოსყიდვას.

კონკრეტულად, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ 20 ლარი გადასცა ერთ-ერთ ამომრჩეველს კომისიის წევრმა, რომელიც უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ამ ფაქტის შემდეგ, მოქალაქემ საკუთარი ხმა დააფიქსირა.

დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში ამტკიცებენ, რომ ეს მოსყიდვა იყო, რის გამოც საჩივარი დაიწერა.

„დარღვევები არის ძალიან ბევრი. ერთ-ერთი უბანი, რომელსაც ჰქვია შრომის საარჩენო უბანი, ჩვენმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა ფულის გადაცემის ფაქტი საუბნო საარჩევნო კომისიაში. ამის გარდა, არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი უპირატესობით, სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების ჩაშლაზეა საუბარი სხვადასხვა მეთოდებით. ამ მეთოდებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვიმარჯვებთ. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით ვიმარჯვებთ, ამას ადასტურებს დღევანდელი აქტივობა,“ - აცხადებს კონსტანტინე შარაშენიძე.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლებს პრეტენზია აქვთ საოლქო კომისიასთან. ისინი დილიდან ითხოვენ, ბიულეტენებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემას საოლქო კომისიისგან. მათ შორის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ბიულეტენი ჩიაბარა საოლქო ცენტრალური კომისიისგან და რამდენი ბიულეტენი გაიცა უბნებზე.

„საოლქოდან მოვითხოვეთ მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა გაფორმებულიყო მაშინ, როდესაც ცესკომ გადასცა ბიულეტენები საოლქო კომისიას. ამ აქტში მითითებულია სხვა ბევრ რამესთან ერთად ბიულეტენების რაოდენობა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბიულეტენების ნომრები და ეს გვაინტერესებდა, რადგანაც სურვილი გვქონდა გადაგვემოწმებინა ცესკოდან მოსული ბიულეტენები გასულია თუ არა უბანზე, ანუ ემთხვევა თუ არა ეს ნომრები. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მომხდარიყო ამ რაღაც ფორმით ბიულეტენების მოხვედრა არასასურველი პირების ხელში,“ - განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელმა ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, კახა ჩავლეიშვილმა.

ოზურგეთის #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ყველა განცხადებაზე პასუხი თავის დროზე იქნება გაცემული.

„კანონის შესაბამისად, თავის დროზე ყველა განცხადებაზე იქნება პასუხი გაცემული. კანონის შესაბამისად, ყველა საჯარო ინფორმაცია გაცემული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ,“ - განმარტავს  ზვიად თენიეშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები