ცამეტი თვრამეტის ნაცვლად - სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად ხუთი სამინისტრო გაუქმდება და ეს უწყებები დარჩენილ სამინისტროებიდან რამდენიმეს შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები და სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის უწყებები, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. ერთ უწყებად ყალიბდება კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
ცვლილებების შედეგად გაუქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.
რაც შეეხება მინისტრებს, არსებული ინფორმაციით კახი კახიშვილი სახელმწიფო საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს. ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად კი ამჟამად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოიაზრება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება.
როგორც ცნობილია მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ხვალ 11:00 საათზე გააკეთებს.