მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად აფასებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აქცენტს შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლაზე აკეთებენ და გიორგი მღებრიშვილის მიმართ დაგროვილ კითხვებს იხსენებენ.
„სამთავრობო ცვლილებები, ეს არის მხოლოდ ფორმალობა, იმიტომ, რომ არ იცვლება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში. ამიტომ, რაიმე შედეგებს რომ მოველოდეთ ამ ცვლილებებიდან, ეს არის ჩემი აზრით, სრულიად ფუჭი მოლოდინი. ეს არის რეალურად მცდელობა, რომ ხელისუფლებამ შეეცადოს აირიდოს პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ კი, ინიციატივას დადებითად აფასებს და იმ შემთხვევაში თუ ოპტიმიზაციას სამთავრობო ხარჯების რეალური შემცირება მოჰყვება, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
„ამ გადაადგილებებს თუ მოჰყვება ბიუჯეტში ასახული შემცირება ბიუროკრატიული დანახარჯების, ამ შემთხვევაში, ეს იქნება უდაოდ სწორი ნაბიჯი,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.