საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება. საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება პარლამენტს წარედგინება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ სფეროში უკვე განხორციელებულია არა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ხდება უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება.
"ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობის ოპტიმიზაციას ეხება, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, შემდეგ კი ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს," - აღნიშნა პრემიერმა.
საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგება.