„პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება, მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ, დაკავშირებულია პირდაპირ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდასთან,“ - ასე აფასებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 4 სამინისტრო გაუქმდა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანება ლოგიკური ცვლილებაა.
„ამ შემთხვევაში, ლოგიკურ ცვლილებებთან გვაქვს კავშირი იმიტომ, რომ როდესაც ერთიანდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს არის ევროპული პრაქტიკაც, გამოცდილებაც. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც კლიმატური ცვლილებები ასე რიგად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში წარმოვიდგინოთ ეფექტიანი მართვა სოფლის მეურნეობის,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამ დრომდე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 18 მინისტრის პორტფელი იყო, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, 4 სამინისტრო გაუქმდება და მთავრობის შემადგენლობაში დარჩება სულ 14 სამინისტრო.