ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე უწყებაში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ იქნება.
მამუკა ბახტაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და ამავდროულად, ეფექტურობის გაზრდა.
„ვფიქრობთ, რომ ამას წარმატებით მივაღწევთ. მინდა ასევე სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, რამე მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ იქნება,“ - განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დღეს დაინიშნა. ბახტაძემ დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა, რომელიც დღეიდან კვლავ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
მამუკა ბახტაძე 2013 წლიდან „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა.