„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროების ოპტიმიზაციამ გამოიწვიოს რეალური ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, როდესაც გადასახადის გადამხდელები არ იხდიან ბიუჯეტში გადასახადებს იმისთვის, რომ კონკრეტული მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ჩინოვნიკები გამდიდრდნენ და ფუფუნების ხარჯზე იცხოვრონ,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას გააკეთა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, 4 სამინისტრო გაუქმდა და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იგეგმება საკადროსთან ერთად.
ხატია დეკანოიძის თქმით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა ახლობლებით დააკომპლექტა და მაგალითად, უტა ივანიშვილის მეგობრის, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა მოჰყავს.
„ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა დააკომპლექტა თავისი ოჯახის ახლობლებით. მაგალითად, ბახტაძე, რომელიც არის უტა ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარი, ასევე ბახტაძე არის ადამიანი, რომლის მმართველობის პირობებში „საქართველოს რკინიგზის“ მოგება შემცირდა რამდენჯერმე და 2015 წელს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი კომპანია გავიდა წაგებაზე,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
დეკანოიძე ასევე, აღნიშნავს, რომ ეკონოიმიკის ყოფილი და შსს მინისტრი გიორგი გახარია პირადად ადევნებს თვალყურს ივანიშვილის ბიზნესს.
„რაც შეეხება გახარიას, ეს არის ადამიანი, რომელსაც დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში. საკმაოდ ხელდასხმულია რუსეთის ფედერაციის მმართველობისგან და ეს არის ადამიანი, რომელიც თვალყურს ადევნებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრემიერის გადაწყვეტილებით, "საქართველოს რკინიგზის" ხელძღვანელი, მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ხოლო, გიორგი გახარია გიორგი მღებრიშვილს შეცვლის შს მინისტრის პოსტზე.