20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
„შიდა კლანური გადაადგილებაა" - "ევროპული საქართველო" სამთავრობო ცვლილებებს აფასებს

„დაწინაურდა და ძალაუფლება შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა სამთავრობო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 4 სამინისტრო უქმდება.

„გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს და ამავდროულად, მოგეხსენებათ, მას პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ინიშნება შს მინისტრად. ორი კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს, ეს არის ან პროფესიული გამოცდილება ან პოლიტიკური წონა და პოლიტიკური გამოცდილება - არცერთ ამ კრიტერიუმს ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს. მაგრამ ამავდროულად, არის ახლო თანამშრომელი ჯერ კიდევ მოსკოვის პერიოდიდან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს „შიდა კლანური გადაადგილებაა“. გიგი უგულავას თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირებულია.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა შეცვლილი ბიუჯეტი უნდა წარადგინოს.

„პირველ რიგში, უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რათა შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და ყველა ბიზნესს, წვრილ ბიზნესს, რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე და მეორე არის, პენსიის ზრდა და სოციალური დახმარების ზრდა ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები