ოპოზიცია პრემიერის იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საგარეო დაზვერვა უსაფრთხოების სამსახურთან უნდა გაერთიანდეს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ უსაფრთხოების და საგარეო დაზვერვის სამსახურების ნაცვლად ქვეყანა მიიღებს რუსული "კაგებე"-ს ანალოგს.
„ერთადერთი მსგავსი სტრუქტურა, რომელიც მახსენდება, ანუ როდესაც შიდა დაზვერვა და საგარეო დაზვერვა არის ერთ ქუდს ქვეშ, ანუ გაერთიანებული ეს იყო უსაფრთხოების კომიტეტი, ანუ ე. წ. "კაგებე". მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს დაზვერვის ინსტიტუტებში, როდესაც ორი ერთმანეთის დამბალანსებელი ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი სტრუქტურის ქვეშ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, სუს-ის ისედაც ძლიერი გავლენები კიდევ უფრო იზრდება და ახალი უწყება ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობას გააკონტროლებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი მონსტრი, ქვეყნის შიგნით და გარეთ პოლიტიკური დევნის ახალი ბერკეტი გახდება.
სუს-თან საგარეო დაზვერვის გაერთიანება არ მოსწონთ „თავისუფალ დემოკრატებს“. პარტიის თავმჯდომარე თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრმა ამ გადაწყვეტილებებით მოშალა უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემა.
„ამის მიღმა ნამდვილად არ დგას იმის სურვილი, რომ ეს სფერო უფრო ეფექტური გახდეს და კარგად დაიცვას ქვეყნის გამოწვევები და ის რეალობა, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მათ მოიშორეს ღარიბაშვილის კადრები,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.