20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ბიბილოვი მოსკოვშია - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაზე საუბრობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვშია. ანატოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინს რამდენიმე საათში შეხვდება, მანამდე კი, მან კრემლის კედელთან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ პროცესების მიზანია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.

„მთელი ეს პროცესი გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია მოხდეს. რაც შეეხება დახვედრას, ეს არის ნომინალური ქმედებები და ნაბიჯები, რომ განცდა და ილუზია შეიქმნას, თითქოს, დამოუკიდებელ ერთეულთან არის ურთიერთობა. სინამდვილეში, ამ შეხვედრების შინაარსი და მათ შორის, ამ კონკრეტულ შეხვედრაზე როგორც იქნა დაანონსებული, განიხილებოდა სწორედ ის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმება, რომელიც სრულიად არალეგიტიმური და არასამართლიანია, მაგრამ შავით თეთრზე გაწერს იმ მექანიზმებს და სფეროებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ასეთ ექსკლუზიურ კონტროლს ამ რეგიონებში. საქართველოს ხელისუფლება არის ცალსახა და ძალიან მკვეთრი, ასევე არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები