პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს და სამართალდამცველებს იარაღის ჩადებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. 36-დღიანი შიმშილობის შემდეგ პანკისელი ნუგზარ ქავთარაშვილი ციხიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-გადაზიდვისთვის მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურამ მისთვის ბრალის დამძიმება გადაწყვიტა.
ქავთარაშვილი „რუსთავი 2“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, რომ პოლიცია მას ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე თანამშრომლობასა და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა. უხუცესთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ მისგან უარის შემდეგ ის თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, ხელყუმბარის რეალური და ოქმში დაფიქსირებული კოდები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ტექნიკური შეცდომაა.
ნუგზარ ქავთარაშვილის ინფორმაციით, თბილისში დაკავებიდან მალევე ის ბათუმში გადაიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსმა კაბინეტში დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ ნუგზარ ქავთარაშვილის ავტომანქანაში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციამ ჩააწყო.
მსჯავრდებულის მტკიცებით, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიებამ არ ამოიღო პანკისი-თბილისის გზაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
პოლიციის და გამოძიების მისამართით საჯაროდ გაცხადებულ ბრალდებებს ძალოვან უწყებაში არ პასუხობენ.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.