20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
100 ათასი ლარი პრემია-დანამატებში - აფხაზეთის მთავრობის ხარჯებს აუდიტის სამსახურსა და უმაღლეს საბჭოში აკრიტიკებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხარჯებს აუდიტის სამსახურსა და უმაღლეს საბჭოში აკრიტიკებენ. განსაკუთრებული ინტერესის საგანი ამჯერად მთავრობაში გაცემული პრემია-დანამატებია.

ჩინოვნიკების ე.წ. ზეგანაკვეთური საქმიანობის ანაზღაურების ფონზე, ოკუპირებული რეგიონის დევნილი მთავრობა, დევნილი მოქალაქეების სამედიცინო მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.

აფხაზეთიდან დევნილი გულნარა გოგუა აფხაზეთის მთავრობაში წამლებისთვის ათას ლარს ითხოვდა, სადაც განუცხადეს, რომ ბიუჯეტს ამისთვის თანხა არ აქვს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობაში პრემია-დანამატების მიმართულებით ხარჯი განსაკუთებით გაზრდილია და მხოლოდ 2015 წელს 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, პრემია და დანამატები იმაზე მეტჯერ გამოიწერა, ვიდრე ეს კანონით იყო გათვალისწინებული. კითხვები გაჩნდა უშტატო თანამშრომლების საქმიანობასა და გარკვეული რაოდენობის თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც.

პრემიებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობამ აუდიტის დასკვნა გაასაჩივრა, თუმცა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რა სამუშაოსთვის მიიღეს მთავრობაში დასაქმებულმა პირებმა დანამატები და რას აკეთებდნენ უშტატო თანამშრომლები.

აფხაზეთის მთავრობაში ფინანსების არასწორად ხარჯვას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშიც ადასტურებენ.

 

დღის ამბები