20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
თბილისის მერი დღეს 12 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს და 10 გამგებელს წარადგენს

თბილისის მერი დღეს 12 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს და 10 გამგებელს წარადგენს. ვინ მოხვდება დედაქალაქის მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით გამგებლების ნაწილი უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს.

წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა კალაძის გუნდში პოსტები კვლავ შეინარჩუნონ კულტურის, კეთილმოწყობის, სპორტისა და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურების ყოფილმა უფროსებმა.

„ის რომ 5 მოადგილე დაიტოვა კალაძემ ნიშნავს, რომ ბიუროკრატიის შემცირებას სავარაუდოდ არ აპირებს. ის, რომ სავარაუდოდ ნარმანიას ერთი მოადგილე, რომელიც „ეჭვმიტანილი“ იყო სუს-თან ურთიერთობაში და სუს-ის ოდეერ-ი იყო მერიაში, ეს ადამიანი დარჩა და ამ მიმართულებით გააგრძელებს კალაძის კონტროლს, რაც შეეხება იმას, რომ საქალაქო სამსახურების 90% მიდის დედაქალაქის მერიიდან, ადასტურებს იმას, რომ ნარმანიას მერობაზე როდესაც ვამბობდით, რომ არასწორი მენეჯმენტი იყო, ნეპოტიზმი იყო, კორუფცია იყო,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.  

თბილისის მერიის განახლებულ შემადგენლობაზე ახალი მოწვევის საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. ახალ გუნდს საკრებულო ნდობას კვირის ბოლოს გამოუცხადებს, თუმცა ოპოზიცია კალაძის გუნდის მხარდაჭერას არ აპირებს.

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ოპტoმისტურად ვიყოთ განწყობილი კალაძის მთავრობის მიმართ, იმიტომ, რომ ეს არის იგივე „ქართული ოცნების“ გუნდი. ეს არის იგივე გუნდი, რომელიც იყო ნარმანიას დროს და რომელმაც პრაქტიკულად დააკარგინა ოთხი წელი თბილისს. რაც შეეხება კალაძეს, აქ ემატება დამატებითი რისკები, ეს არის ნეპოტიზმის, კორუფციის, კლანურობის რისკი,“-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

კახა კალაძის გუნდს მხარს უჭერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა.

დღის ამბები