"სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ინციდენტი იუსტიციის სახლთან მოხდა, სადაც ზვიად კუპრავა იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელდახელო მემორიალის დადგმას ცდილობდა, რომლებიც მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს შეეწირნენ.
მემორიალის დადგმის საშუალება კუპრავას პოლიციელებმა არ მისცეს. რასაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოჰყვა.
„ჩვენ არ ვაპირებდით მის ჩაბეტონებას და მყარად დამონტაჟებას. ამ ბანერზე არის წარწერა, სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც სისტემამ ბოლო წლების განმავლობაში, 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანციდან პაატა პავლიაშვილის ჩათვლით, ყველა ის ადამიანი, ვინც არის სისტემის მსხვერპლი,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავას გარდა დაკავებულია აქციის კიდევ ორი მონაწილე. რამაზ კოკოშაშვილი და ბადრი ხიდაშელი. აქციის მონაწილეებისთვის და ორგანიზატორების დაკავების დეტალები უცნობია, რადგან აქციის დასრულების შემდეგ მათ დატოვეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი მათ ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია სად იმყოფებიან დაკავებულები.
იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის მთავარი სლოგანი „არა ძალადობას!“ იყო. აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც სავარაუდოდ დაკავებულებს გადაიყვანენ.