20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
აშშ-ს ფინანსური დახმარებით საქართველოში ნატო-ს სტანდარტების სასწავლო მომზადების ცენტრი შეიქმნება

ამერიკის შეერთებული შტატების  ფინანსური დახმარებით საქართველოში ნატო-ს სტანდარტების სასწავლო მომზადების ცენტრი შეიქმნება. 9 ქართული ბატალიონი  ნატო-ს მოთხოვნების შესაბამისად აღიჭურვება.

მსჯელობა ამ საკითხზე შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლების გაიმართა.

პენტაგონში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოლაპარაკებები უკვე კონგრესში გააგრძელა, რომელიც ამერიკული ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. ზედა პალატაში ლევან იზორია სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა, რომელიც სენატის ასიგნებების კომიტეტში უშუალოდ არის დაკავებული საერთაშორისო ოპერაციებით.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკის ფინანსური დახმარების ფარგლებში, ნატო-ს სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრის შექმნა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იგეგმება.

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველო, რომელიც ჯერ ნატოს წევრი არ არის, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს. ეს არის მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კატეგორიულად დაუყენა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ნატოს მოთხოვნებით ამ 2%-ის მეხუთედი შეიარაღებას უნდა მოხმარდეს და საქართველო მომავალ წელს ამ სტანდარტსაც დააკმაყოფილებს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტს კვირის ბოლოს დაასრულებს. ხვალ მას თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ექნება შეხვედრა.

დღის ამბები