სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საქმის ერთ-ერთი პროკურორი, ჯარჯი წიკლაური განცხადებით ეხმაურება. პროკურორი წერს, რომ აღნიშნული საქმისადმი სახალხო დამცველს თავიდანვე ჰქონდა მიკერძოებული დამოკიდებულება.
„სახალხო დამცველი შეგნებულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს გამოთხოვილი ჰქონდა საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან და პასუხს ვერ იღებდა.
"სახალხო დამცველმა სრულიად დაუსაბუთებლად ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - გიორგი მამალაძის მხრიდან ციანიდის ფლობის ფაქტი, რადგან საგამოძიებო უწყებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა პირი, ვისგანაც მსჯავრდებულმა ეს ნივთიერება შეიძინა.
„მონიტორინგის შედეგებში“ აღნიშნულია, რომ თითქოს საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ერთი სხდომის ფარგლებში იქნა გამოკვლეული, რაც არის სიცრუე, ვინაიდან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არა ერთ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული, რასაც ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და უჩა ნანუაშვილს უნდა ჰქონოდა ამის შესახებ ინფორმაცია.
"სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ „იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი.“ აშკარაა, რომ უჩა ნანუაშვილი სცილდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და ღიად იჭრება სასამართლოს უფლებამოსილებაში,“ - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა. უჩა ნანუაშვილის უწყებაში დღეს გახმაურებული სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. ნანუაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელის მხრიდან ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია მამა გიორგი მამალაძის მიმართ.