ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2017 წლის 6 თვეში საქართველოში სულ 25 ათას 500 ბავშვი გაჩნდა მაშინ, როდესაც გარდაცვლილების რიცხვი 25 ათას 900-ს შეადგენს.
დემოგრაფები ამბობენ, რომ ეს უკვე სავალალო მონაცემია, რაც სასწრაფო ზომების მიღების გარეშე, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენებს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ქვეყანა დემოგრაფიულ კრიზისამდე რამდენიმე ფაქტორმა მიიყვანა. მათ შორის არის 90-იან წლებში შემცირებული შობადობა, მიგრაციული პროცესები, რთული ეკონომიკური ვითარება და განქორწინებების მაღალი რიცხვი.
საქართველოში ბოლოს ჩატარებული აღწერით, მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა უკვე 3.7 მილიონს შეადგენს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოს დემოგრაფიული კუთხით განვითარების გრძელვადიანი გეგმა სჭირდება. ადგილზე კი, ამ მონაცემის გაუმჯობესებას მაშინ ელოდებიან, როდესაც 2006-დან 2016 წლამდე პერიოდში დაბადებული მოქალაქეები საშუალოდ 20 წლის ვადაში ახალი თაობის გაჩენას შეძლებენ.