20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
Bloomberg-ის მონაცემებით, დილის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის ახალი ანტირეკორდი. ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი, ზუსტად 2 საათში დაადგენს.

თუმცა, Bloomberg-ის მონაცემებით, დილის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება ამ წუთისთვის 2 ლარსა და 72 თეთრს აღწევს.

ეკონომისტები მთავრობის გარდაუვალ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე ლარის გაუფასურების ფონზე რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს. შეშელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში გარკვეული ინტერეს ჯგუფების დაინტერესებას ხედავს.

„გარკვეული ინტერეს ჯგუფები, შეიძლება სამთავრობო ჯგუფები ამ გაუფასურებით რაღაც ხეირს ნახულობენ. მეორე, შეიძლება იყოს ასეთი პროცესი, რომ ვიღაც კონკრეტული ჯგუფები ხედავდნენ უბრალოდ სარგებლის მიღების გზას, თუკი ლარი გაუფასურდება და მათ, ფაქტობრივად, აქვთ გარანტია, რომ არ ჩაერევიან. ასეთი სერიოზული პროცესი მთავრობისგან მწვანე შუქის გარეშე ძნელია, რომ წარმოიდგინო,“ - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ეკონომიკური ექსპერტი, ვაჟა კაპანაძე კორპორატიულ ინტერესებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვალუტის გაუფასურების შემდეგ ეროვნული ბანკი არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს.

ეკონომიკური სამართლის იურისტი, აკაკი ჩარგეიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას გაჩერებულ ბიზნეს ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს არის ის ზუსტად გაჩერებული ბიზნეს ურთიერთობები, რომლებიც ეკონომიკას არ ქმნიან. სამწუხაროდ, ისინი მოქმედებენ როგორც მცოცავი, ასე ვთქვათ, ეკონომიკისთვის დამახასიათებელი უარყოფითი კონტექსტით რა თქმა უნდა, პრობლემები, და საბოლოო ჯამში აი, ამ რყევას აძლევენ,“ - განაცხადა ჩარგეიშვილმა. 

დღის ამბები