საქართველოს ხელისუფლება ლარის გაუფასურების გადაბრალებას ეროვნულ ბანკზე ცდილობს - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა.
რატიანის თქმით, რეალურად ლარის ვარდნის მიზეზი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.
კერძოდ კი რატიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საბიუჯეტო თანხებს არასწორად ხარჯავს, არ ხდება ეკონომიკის სტიმულირება და ასევე მოხდა ნაშთების ბანკებში განთავსება, რაც რატიანის თქმით კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
„ეროვნულ ბანკზე გადაბრალება მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში არ არის ადეკვატური. ამის მცდელობა მუდმივად არის ხელისუფლებიდან. ლარის გაუფასურების საფუძველი არის რა საკვირველია საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა. ამას წლების განმავლობაში აქვს ორი საფუძველი, ერთი არის ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა, რაც ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში არ იხარჯება თანხები და წლის ბოლოს ჭარბი რაოდენობით იხარჯება, მეორე ეს არის ეკონომიკის განვითარების სტიმულების არქონა და ვალუტის არ შემოსვლა და ამას წელს დაემატა მესამე სერიოზული ფაქტორი, როდესაც ნაშთები განათავსეს ბანკებში, რაც შეიძლება იყოს გარკვეული კორუფციის საფუძველი,“-განაცხადა სერგო რატიანმა.