20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
"თავდასხმა სახალხო დამცველზე"- ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტზე ზეწოლაზე საუბრობს

ოპოზიცია სახალხო დამცველის მიმართ სამთავრობო შეტევაზე საუბრობს. იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი უსამართლო ომბუდსმენია, ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის ინსტიტუტზე ზეწოლად აფასებენ.

„მორიგი თავდასხმა სახალხო დამცველზე, რომ ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და  ამიტომ ის არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული, არაერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისგან მოვისმინეთ. ეს არის სამწუხარო ტენდენცია. უფრო კარგი იქნებოდა, ხელისუფლების მხრიდან გაკეთდეს განცხადებები თუ როგორ აპირებენ, შეასრულონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებისთვის კრიტიკული აზრი მიუღებელია, რომელსაც წლების განმავლობაში სახალხო დამცველი აფიქსირებდა.

„ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველი წარმოუდგენია ხელისულების დამცველად და არა ადამიანების. რა თქმა უნდა, მათი სურვილი არ იქნება, რომ სეთი პრინციპული და კომპეტენტური ადამიანები დაინიშნონ სახალხო დამცველად,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.

პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება შეცდება, მომდევნო ომბუდსმენი მათთვის სასურველი პოზიციის გამტარებელი იყოს, რაც საზოგადოებამ სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას.

„ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ ამ პოსტზე ხელისუფლებისგან სრულად მართული პირი დაინიშნოს და ამით საბოლოოდ ჩამოშალოს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ამიტომ საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ, მედიამ უნდა აიყვანოს ეს საკითხი დიდი ყურადღების ქვეშ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავიცვათ ამ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, სახალხო დამცველის სახით,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები