18 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
რატომ გგონიათ, რომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ მიიღებს სტრასბურგი გადაწყვეტილებას - სოფო კილაძე

"თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ "რუსთავი 2" შეგეზღუდათ და გაგექროთ," - ამ განცხადებით პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა. 

სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამაუწყებლო კომპანიის შეზღუდვის მიზნით ყველაფერი გააკეთეს, თუმცა კომპანია ქართულმა საზოგადოებამ დაიცვა. გარდა ამისა, რატიანმა უმრავლესობის წევრებს სხვა გახმაურებული საქმეებიც შეახსენა. 

„თქვენი დამსახურება ხომ არ არის ის, რომ "რუსთავი 2" არსებობს? თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ "რუსთავი 2" შეგეზღუდათ და გაგექროთ. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, უბრალოდ "რუსთავი 2" დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ, "რუსთავი 2" დაიცვა ოპოზიციურმა პარტიებმა, "რუსთავი 2" დაიცვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თქვენს მიერ მოყვანილმა გენერალურმა პროკურორმა, ბუცების ქურდმა, თავდასხმა მიიტანა გენერალურ აუდიტზე, თქვენ თვალები დაიბნელეთ, ყურები დაიცეთ და თითქოს არაფერი არ მომხდარა. თქვენ მოახერხეთ და გაეხვიეთ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო საქმეში, რაც იყო უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დევნასთან დაკავშირებით, როდესაც მას ჩამოერთვა მოქალაქეობა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

რატიანის ამ განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ უპასუხა და მას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. 

„რუსთავი 2"-ს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, თუ საჭირო იქნება სტრასბურგის სასამართლოც გადაწყვეტს ამას. ძალიან გთხოვთ, საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში,  სტრასბურგის სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ და რატომ გგონიათ მაინცდამაინც, რომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას. სხვაგვარად რომ მიიღოს, მეორე მხარის სასარგებლოდ, მაშინ რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები