20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
"ვანოს შოუში“ ბიძინა ივანიშვილს ექნება გაცილებით მაღალი ყურებადობა, ვიდრე ეს ექნება თქვენს არხებზე“ - სერგო რატიანი

„ყოველთვის, "ვანოს შოუში“ ბიძინა ივანიშვილი იქნება გაცილებით პოპულარული და მას ექნება გაცილებით მაღალი ყურებადობა, ვიდრე ეს ექნება თქვენს არხებზე,“ - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

დეპუტატები სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. 

დეპუტატების უმრავლესობა, იმ ცვლილებების წინააღმდეგია, რომლითაც მაუწყებელი კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას ითხოვს.

„შანსი იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქონოდა მეტი ნდობა, თქვენ გაუშვით. საზოგადოებრივ მაუწყებელს იმხელა თანხას აძლევთ, რომ ფაქტობრივად ყველა დანარჩენი ტელევიზიები ერთად ვერ იღებდნენ ამას რეკლამიდან. „რუსთავი 2“-ის მიმართ რეები გააკეთეთ, ყველასთვის ცნობილია. ყოველთვის, ვანოს შოუში“ ბიძინა ივანიშვილი იქნება გაცილებით პოპულარული და მას ექნება გაცილებით მაღალი ყურებადობა, ვიდრე ეს ექნება თქვენს არხებზე. ეს არის მარტივი. იმიტომ, რომ იქ გინდათ შეალამაზოთ სინამდვილე, რომლის შელამაზებაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი,“ - აღნიშნა სერგო რატიანმა.

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ. მან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს მედია წინა წლებთან შედარებით ბევრად თავისუფალია.

„2003 წელს, საქართველო, როდესაც შევარდნაძემ დაამთავრა თავისი მოღვაწეობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველო იყო მედია თავისუფლებით 73-ე ადგილზე და თქვენ რომ დაამთავრეთ მოღვაწეობა 104-ე ადგილზე იყავით და უზბეკეთის დონეზე იყო საქართველო. რაზე ლაპარაკობთ, რა მედიაზე ლაპარაკობთ, დღეს 2017 წელს ყველაზე კარგი მონაცემები გვაქვს რეგიონში და 64-ე ადგილზე ვართ,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები