18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება გამრეკელზე - პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

წუხელ, გამრეკელის ქუჩაზე პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დრომდე არანაირ რეაგირებას არ ახდენს. "კურიერის" ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სახეში მუშტს ორჯერ ურტყამს, თუმცა ეს სამართალდამცველებზე ძალადობის ერთადერთი ფაქტი არ არის.

ღამითვე, ბერი ნიკოლოზის მრევლი საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ფაქტის შესწავლა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.

მდუმარებაში მყოფი ბერის მიმდევრები პოლიციის მხრიდან პროვოკაციის მოწყობაზე საუბრობენ. მრევლი იხსენებს, რომ გუშინ გამრეკელის ქუჩაზე ძალადობის პროვოცირება სამართალდამცველებმა დაიწყეს, უკანონოდ გადაკეტეს იმ საცხოვრებელი სახლის შესასვლელი, სადაც ბერი ნიკოლოზი ცხოვრობდა.

მორწმუნეები ამბობენ, რომ პოლიცია გუშინ ერთ-ერთი ეპისკოპოსის დავალებას ასრულებდა, რომელმაც ჯერ სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა, ახლა კი, მისი ფიზიკური განადგურება სურს.

მდუმარებაში მყოფი ბერის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვს არასამთავრობო სექტორი. 

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის გამრეკელის ქუჩაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონემ, სადაც ბერი ქირით ცხოვრობდა, საცხოვრებლის დაცლა მოითხოვა და მდუმარებაში მყოფ სასულიერო პირს კარი ჩაუკეტა. ადგილზე ბერის დასახმარებლად მრევლი მივიდა. ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სასულიერო პირს საბოლოოდ ნაქირავები სახლი მაინც დაატოვებინეს, ახლა ის ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ერთ ერთი სულიერი შვილის ბინაში ცხოვრობს.

დღის ამბები