თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მმართველ გუნდს საკუთრი ძალებით მოუწევს. ოპოზიცია ახალი მერის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.
ძირითადად პრეტენზიები დეპუტატებს მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქვთ. ოპოზიცია ნიკოლოზ იგივე ნუგზარ ჭონქაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებზე მიუთითებს, სადაც ხდება ძალადობისკენ მოწოდებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.
“იმის ნაცვლად, რომ კალაძეს წარმოედგინა განახლებული მთავრობა, მან ნახევარზე მეტი დატოვა ნარმანიას დროინდელი „ქართუ ჯგუფის“ მთავრობა ფაქტობრივად და იმ ახალი წევრებიდანაც წარმოადგინა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ადამიანი, ბატონი კედელაშვილი - ჭონქაძე, რომელიც ცნობილია თავისი ქსენოფობიურ-ჰომოფობიური და ფაშისტური განცხადებებით. ეს არის თბილისელების დაცინვა და ასეთი ადამიანები ვერასდროს ვერ დაიცავენ თბილისელების ინტერესებს,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
"ევროპულ საქართველოს" კითხვები აქვთ ასევე პოზიციებზე დავით ნარმანიას მთავრობიდან კადრების ნაწილის დატოვებასთან დაკავშირებით.
„მთავარი შეკითხვებია, რატომ დატოვა ეს საკვანძო თანამდებობის პირები, რაც შეეხება ტრანსპორტს, კეთილმოწყობას, საფინანსო საბიუჯეტო მოწყობას, ასევე იქნება მის მიმართ, რატომ ვერ შეძლო სუს-ის მიერ ნარმანიასთვის მიჩენილი მოადგილის, ნიკოლაიშვილის გამოცვლა. ანუ, მასაც ექნება თუ არა რაიმე სახის დამოუკიდებლობა,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
სულიკო კედელაშვილის სახელით facebook გვერდის ავტორობას აღიარებს თავად კანდიდატიც, თუმცა კახი კალაძე მას კომპეტენტურ კადრად მიიჩნევს და მის შეცვლას არ გეგმავს. კახი კალაძის გუნდისთვის მხარდაჭერას აპირებს საკრებულოს უმრავლესობა.
„კახი კალაძის წინასაარჩევნო პროგრამას დაუჭირა თბილისელთა უმრავლესობამ მხარი, შესაბამისად, ის გეგმავს იმ გუნდით აღსრულებას თავისი საარჩევნო დაპირებების, რა გუნდსაც წარადგენს. წინასწარ მოტივირებულები ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი მის გეგმებს და ამ გეგმების აღსრულებას,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.