აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დასრულებულია. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრაღაში სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში შექმნილ პრობლემებს. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო ანატოლი ბიბილოვის მიერ მოსკოვში განხორიციელებული ვიზიტი.
„ჩვენს შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გათვალისწინებული, ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ რეგიონების მილიტარიზაციაზე, ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაზე. ხაზი გაესვა ჩვენს დამოკიდებულებას იმ დესტრუქციული პროცესების მიმართ, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობს,“ - განაცხადა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.