20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, ოპოზიცია კი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს 

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ოფიციალური გაცვლითი კურსით ეროვნული ვალუტა დღესაც თითქმის ერთი თეთრით გაუფასურდა და 2.72 ლარს გასცდა.

მმართველი გუნდი დევალვაციის უკან მხოლოდ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და მთავრი ფინანსური ინსტიტუტის პრეზიდენტს მომავალ კვირას პარლამენტში იბარებს.

„გვინდა, რომ ეროვნულმა ბანკმა გვითხრას და განმარტებები გააკეთოს ამის შესახებ, რაც დღეს ლართან დამოკიდებულებაში ხდება. არც ის არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ხელოვნურად მოახდინოს, ძალიან მოკლე, ერთკვირიანი ჩარევა, გამოასწოროს მდგომარეობა და შემდეგ უარესად წავიდეს საქმე. საერთოდ დაუგდეთ ყური ამ შემთხვევაში პროფესიონალებს, აი ეს გვინდა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დაგეგმილ სხდომაზე კობა გვენეტაძესთან კითხვები ექნება „ევროპულ საქართველოსაც“, თუმცა უმცირესობა კვლავ მიუთითებს პრობლემებზე ეკონომიკურ პოლიტიკაში და ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მმართველ გუნდს აკისრებს.

კოლეგებს ეთანხმებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა დევალვაციის გამო საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებას არ ემხრობიან.

„ამაში არის დამნაშავე ხელისუფლება. პირველ რიგში არის დამნაშავე მთავრობა, რომელმაც შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა, ფლანგავს ფულს, ანიავებს აქეთ-იქით. ახლა ბანკებს ნახევარი მილიარდი მისცა. 2 მილიარდი ლარი არის დარჩენილი თვენახევარში დასახარჯი, როდესაც საშუალო თვიური ხარჯი ზაფხულის თვეებში არის 800-900 მილიონი. მუდამ ერთი და იგივე შეცდომა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები