"ევროპული საქართველოს" საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა. პარტიის ლიდერებმა ბოლო შეხვედრები ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, მოგვიანებით კი სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს.
დავით ბაქრაძის განაცხადებით, მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს უსაფრთხოება და დეოკუპაცია, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა იყო. სახელმწიფო დეპარტამენტში განიხილეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხებიც.
„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ერთპარტიული ვერტიკალის განმტკიცება, ის, რომ საქართველოში დღეს ხდება პრაქტიკულად ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირების პირობებში, პოლიტიკური სისტემის შექმნა, ეს ყველაფერი დღეს წარმოადგენს საკმაოდ სერიოზული შეშფოთების საგანს ვაშინგტონში და გამოსავალი აქედან გახლავთ ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა, თავისუფალი მედიის და მათ შორის, „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერა, რაზეც იყო საუბარი და პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.