ის აღმოჩნდა სამწუხაროდ, ნარმანიაზე უფრო მხდალი, იმიტომ, რომ ნარმანია პირველ ეტაპზე მაინც ახერხებდა საკრებულოში მოსვლას - ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა გააკეთა.
დათუკიშვილი ახლად არჩეული მერის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძე საკრებულოში არ მივა, სადაც თბილისის მთავრობა უნდა დაამტკიცონ.
„კალაძე ვერ ბედავს, რომ მოვიდეს თბილისის საკრებულოში, თვითონ წარადგინოს ის გუნდი, რომელსაც სატელევიზიო წარდგინება გაუკეთა მან, თვითონ მან გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც თავისთავად გვექნება ჩვენ იმიტომ, რომ სულიკო კედელაშვილთან, იგივე ნუგზარ-ნიკოლოზ ჭონქაძესთან რასაკვირველია, გვექნება მასთან და არა ამ ჰომოფობ ადამიანებთან. არ ვაპირებ ნიკოლოზ ჭონქაძეს რაიმე კითხვა დავუსვა, მე კითხვა უნდა დავუსვა კახა კალაძეს,“ - აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.
თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულომ დღეს დედაქალაქის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს და კალაძის გუნდს ნდობა ოფიციალურად გამოუცხადოს. სხდომა თბილისის საკრებულოში 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ კახა კალაძეს კითხვებზე პასუხები არ აქვს, სწორედ ამიტომ მთავრობის დამტკიცების პროცედურები თბილისის მერის გარეშე ჩაივლის.
„კალაძეს არ აქვს პასუხები, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი უცვლელად, რატომ დაამატა ამას აბსოლუტურად შავბნელი და ფაშისტური იდეოლოგიის წარმომადგენელი, რატომ დატოვა მაკონტროლებლად სუს-ის მხრიდან მოადგილე ნიკოლაიშვილი, რატომ არ აქვს არანაირი არტიკულირებული გეგმა იმისა, რას გააკეთებს და რა იქნება მისი პირველი ნაბიჯი," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა.
კახა კალაძის გადაწყვეტილება, არ მივიდეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, მოულოდნელი აღმოჩნდა საკრებულოს დეპუტატ გოჩა თევდორაძისთვისაც. მისი თქმით, კითხვები დედაქალაქის მთავრობის წევრებთან კითხვები ექნება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.