20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს 

ამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა. მელიქიშვილი ეროვნული ვალუტის მასშტაბური გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლარმა ბოლო კვირის განმავლობაში ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნა, რაც ხელისუფლების უმოქმედობამ და არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.

„სიტუაცია ნამდვილად კრიტიკულია გამომდინარე იქედან, რომ ლარმა მოხსნა ყველა ანტირეკორდი, რაც კი მისი არსებობის მანძილზე ყოფილა. ამას ემატება დაბნეული და გაურკვეველი ნაბიჯების მქონე ხელისუფლება, რომელიც არცერთ ნაბიჯს არ დგამს იმისთვის, რომ ოდნავ პოზიტიური მოლოდინი მაინც გააჩინოს. მათი კომენტარები, რასაც აკეთებენ, კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ბადებს საზოგადოებაში და სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რამდენიმე გამოსავალს სთავაზობს „ევროპული საქართველო“. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პირველ რიგში სწრაფად უნდა მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯის შეკვეცა და ასევე, გადასახადების შემცირება.

„ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ლარი დასტაბილურდეს და საბოლოო ჯამში შევაჩეროთ ფასების ისეთი ზრდა, რომელიც ახლა გვაქვს და რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს უკიდურესად აწვება,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი დღეს 2.70 ლარია. მარეგულირიებელი ახალ კურსს დღის მეორე ნახევარში დაადგენს.  

ამ დროის მონაცემებით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება კი 2.74 ლარს აჭარბებს.

დღის ამბები