20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
კახა კალაძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს საკრებულოს სხდომაზე

„გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე“- ამ განცხადებით, თბილისის მერი საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. კახა კალაძე ამბობს, რომ ის ხალხის მიერ არის არჩეული, უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა და დღეს თბილისის მთავრობის დამტკიცების პროცედურებზე დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს.

კალაძის თქმით, მან კანონის შესაბამისად იმოქმედა, გადაუგზავნა თბილისის საკრებულოს საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების სია, დეპუტატები დღეს ხელმძღვანელების კანდიდატებს მოუსმენენ და შემდეგ კენჭი ეყრება მათ დამტკიცებას.

„გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე, მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, მე შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი. კანონის შესაბამისად ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, დამტკიცებული იქნება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ნიკოლოზ ჭონქაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა. თბილისის მერი ამბობს, რომ ჭონქაძე “სუფთა წარსულის“ ადამიანია და მისი მოსაზრებები სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემას არ წარმოადგენს.

„გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები, ნუგზართან დაკავშირებით, ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია სუფთა წარსულით. არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი. თუ ამ ადამიანს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის ადამიანები, ეს მისი ნებაა და დღეს საქართველოში ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი მოსაზრებები,“ - აცხადებს კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები