იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი უსამართლო სახალხო დამცველია, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკო თეა წულუკიანის კომენტარს მკაფიოსა და გასაგებს უწოდებს და მის პოზიციას იზიარებს. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, არავის აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანოს და გააკრიტიკოს.
„იუსტიციის მინისტრმა გააკეთა მკაფიო და ძალიან ნათელი განცხადება, რომ არავის აქვს უფლება, მათ შორის სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გააკრიტიკოს და მისი მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო მაღლა დააყენოს. ეს მიუღებელია და მე ჩემს კოლეგას ვუერთდები,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებული მწვავე ანგარიშის შემდეგ გააკრიტიკა.