20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
რუსეთი რჩება ისეთივე დესტრუქციულ ძალად, როგორიც ყოველთვის იყო - თამარ ჩუგოშვილი

ე.წ. ბორდერიზაციის ახალ ტალღას საოკუპაციო რეჟიმის და რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებენ თბილისში. უმრავლესობის პოზიციით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობა ერთადერთი იარაღია, რომელიც ამ შემთხვევაში, საქართველომ რუსულ აგრესიას უნდა დაუპირისპიროს. 

“ყველამ ვიცით საქართველოს პასუხი ამაზე რა შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება ჩვენი მსგავსი ქვეყანა ასეთ სიტუაციებში მოიქცეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება. სხვა იარაღი ჩვენ ქვეყანას არ აქვს. რუსეთი რჩება ისეთივე დესტრუქციულ ძალად, როგორიც ყოველთვის იყო,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, საჭიროა ხელისუფლების აქტიური ქმედება.

“ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ხელისუფლების უფრო აქტიური ქმედება. რაც მთავარია, ამ ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, რომ ეს არის რუსეთი მტრული პოლიტიკა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და შესაბამისად, ამ საკითხს სჭირდება უფრო აქტიური დაყენება,“ - აღნიშნა აბესაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. 

“ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბოლო, ამის წინა ბორდერიზაციის ფაქტები, როდესაც სახელმწიფო ასევე აკეთებდა განცხადებას, რომ არსებობს ქმედითი ნაბიჯები, თუმცა არავითარი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. უფრო მეტიც, არცერთ საერთაშორისო განცხადებებში და რეზოლუციაში ახალი ბორდერიზაციის ფაქტების დაგმობა არ ყოფილა,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

სოფელ კოდასთან რკინის ღობე უკვე აგებულია და დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერიც. ჭვრინისთან კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გავლებულია თხრილები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები