„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ორგანიზებით იუსტიციის სახლთან კიდევ ერთი, განმეორებითი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა დღეს კვლავაც ის ადამიანები გაიხსენეს, ვინც მათი თქმით, ბოლო წლებში სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობას შეეწირნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დღევანდელი შეკრებით, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას აკრიტიკებენ.
„დღეს შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ ხელისუფლების ის ძალადობა, რომელსაც კონკრეტული მსხვერპლები ჰყავს. ეს ადამიანები არიან ბარბარე რაფალიანციდან დაწყებული პაატა პავლიაშვილის ჩათვლით, 40 ადამიანი, რომელთაც აქვთ თავისი გარდაცვალების კონკრეტული ისტორია, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებას და მათი გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებასთან,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ასეთივე საპროტესტო აქცია ორი დღის წინაც გაიმართა, თუმცა, აქცია მაშინ სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო შეწყდა.