„ქართული ოცნების" ოფისში დახურული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მმართველი პარტიის ოფისში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები იმყოფებოდნენ. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელიც მედიასთან აღარ გამოჩენილა. შეხვედრაზე მის ყოფნასთან დაკავშირებით პარტიის წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს.
ეკონომიკური გუნდი პარტიის ოფისში ოფიციალური ვერსიით, საბიუჯეტო ცვლილებების გამო იყო დაბარებული, თუმცა შეხვედრის მონაწილეების ნაწილი ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა ეროვნული ვალუტაც იყო და რომ მათ მთავრობისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.
„ვიცე-პრეზიდენტი ესწრება და განუმარტავს ყველას, რა ხდება, რატომ არის ლარის კურსი წნეხის ქვეშ. არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა, 2.65-ზე. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის დევალვაცია,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარა ქუცნაშვილმა კი მედიასთან განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი შეხვედრას არ ესწრებოდა.