20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
საკრებულოში დედაქალაქის ახალი მთავრობის კენჭისყრის პროცესი ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა  

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც დედაქალაქის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. თბილისის მთავრობას ვიცე-მერობის კანდიდატი, ირაკლი ხმალაძე წარადგენს, რადგან დღევანდელ პროცედურას არ ესწრება თავად ახალი მერი.

"ნაციონალური მოძრაობა" კი ახალ მთავრობას მხარს არ უჭერს და პროტესტი ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობასაც არ იღებს, მათ დარბაზი კენჭისყრამდე დატოვეს. პარტიის წევრების პროტესტი გამოიწვია უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე  ნიკოლოზ ჭონქაძის დასახელებამ. პარტიის წარმომადგენლებმა ირაკლი ხმალაძეს გადასცეს სხვადასხვა მასალები იმისათვის, რომ მან აღნიშნული მასალები მიუტანოს კახი კალაძეს. მასალები უკავშირდება ნიკოლოზ ჭონქაძეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააანონსეს ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ, საკრებულო მაინც დაამტკიცებს ამ თანამდებობაზე ჭონქაძეს, ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში.

“არ შეიძლება დღეს ჩვენ საზოგადოებაში ასეთი ადამიანი იკავებდეს იმ პოზიციას როგორიც არის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ადამიანი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, ის შეუძლებელია იყოს უსაფრთხოების დამცველი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა.

ოპოზიციის განცხადებებს უპასუხეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა რომლებმაც მათ, მათი ხელისუფლების პირობებში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტები შეახსენეს.

პოლიტიკური ბრალდებები ისმოდა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზეც. ნაციონალურმა მოძრაობამ დააზუსტა ინფორმაცია ვლადიმერ ჭიღლაძესთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. პარტიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ ნამდვილად იყო თუ არა ჭიღლაძე გასულ წლებში სპეცრაზმის თანამშრომელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. 

თავად ჭიღლაძემ კი ეს ინფორმაცია დაადასტურა, რის შემდეგაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართულ ოცნებას" მიმართა და განუმარტა, რომ ეს იყო მათი პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელიც უკავშირდება 9 წლიან მმართველობას.

  

დღის ამბები