პარლამენტში კონსტიტუციაში ჩასასწორებელ საკითხებზე საერთო სახალხო განხილვის ფორმატში მსჯელობდნენ. განხილვაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა, მიწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ბლოკების გაუქმების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ბლოკები მხოლოდ მანიპულაციებისთვის გამოიყენება.
„ბოლო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ბლოკები გამოიყენება არსებითად მხოლოდ მანიპულაციისთვის. თუ ავიღებთ ბოლო არჩევნებს, ორმა პარტიამ ფიქტიური ბლოკი შექმნა, ორმა საპარლამენტო პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ.“ ერთმა დამატებითი დაფინანსება მიიღო, დაახლოებით, ნახევარი მილიონის ოდენობით, მეორემ, დაახლოებით, 800 ათასის ოდენობით. ბლოკების შექმნის მიზანი იყო სახელმწიფო სახსრების მითვისება. ანუ ასეთი მანკიერი პრაქტიკა არის საქართველოში ჩამოყალიბებული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის თვითმიზანი იყო კონსესუსის არმიღწევა.
„კომისიაში კონკრეტული დოკუმენტი მივიღეთ, სადაც მათ შორის ასახული იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის და ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისია ამ პირობებში დატოვა,“- აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხებათ სტუმრების, მათი აზრით კი კარგი იქნებოდა, რომ შეხვედრებში მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიეღოთ.
“ვთვლი, რომ ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში, აუცილებლად უნდა გულისხმობდეს სერიოზულ განხილვებს, სერიოზულ ჩართულობას. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ეტაპზე განხილვებში არ მონაწილეობს ოპოზიცია. კარგი იქნებოდა, რომ მათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუცია,“ - განაცხადა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.
"მედია მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელის ია მამალაძის თქმით, კი მსგავსი ტიპის შეხვედრა 13 ოქტომბრამდე უნდა გამართულიყო.