უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებულ პირებს ქვეყნიდან პოლიტიკური ნიშნით აძევებენ.
"მე ახლა სწორედ იმ ქუჩაზე ვდგავარ, საიდანაც გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის ორი გმირი გაიტაცეს. ესენი არიან მამუკა აბაშიძე და ვანო ნადირაძე. ეს არის ოთახი, სადაც ყველაფერი დაამტვრიეს. ესაც სისხლიანი პირსახოცი, ანუ ისინი სასტიკად სცემეს. სისხლის კვალია მთლიანად იატაკზეც. დააკავეს ჟურნალისტიც, რომელიც აქ სამი წელია, მუშაობს. შავშიშვილი საქართველოს წამყვანი და პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო ტელეკომპანიის რუსთავი2-ის თანამშრომელია. ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი და სხვა არანაირი როლი არა აქვს. ქვეყნიდან გაძევება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ კანონი ირღვევა და ეს სასამართლოს მეშვეობით ხდება. მაგრამ ნორმალური მოვლენაა, როდესაც შედიხარ, ფიზიკურად უსწორდები, თავზე ტომარას აცმევ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტს და გყავს რამდენიმე საათი აეროპორტში, სადაც მათთან არც სამედიცინო დახმარებას და არც ადვოკატებს უშვებენ? ყველამ იცის, რომ ისინი გააძევეს არა კანონდარღვევისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემთან არიან დაკავშირებული. მე არ დავნებდები, რომც მომკლან ან რომც გამაძეონ. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ხვალ რადას შენობასთან დაგეგმილ მორიგ შეკრებაზეც ისაუბრა, რომელზეც ის მხარდამჭერებს საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს.