ახალი გამოძიება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - საქართველოს ყოფილ პრემიერს დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.
ინგა პავლოვამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ივანიშვილის კანონიერი მეუღლე იყო, საფრანგეთის საგადასახადო სამსახურს უკვე დოკუმენტები წარუდგინა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, საფრანგეთში დააფუძნეს ორი ფირმა - კანა ინტერნეიშენალი და სოილ ვოლტეღი. მოგვიანებით კი პარიზში მათი კუთვნილი სახლები და მიწის ნაკვეთები, მათ შორის უდიდესი ტერიტორია ვერსალთან, ამ კომპანიების სახელზე გადააფორმეს, თითქოს, ის ოფისები იყო, რითაც გადასახადების გადახდას თავი აარიდეს.
ივანიშვილის ყოფილი მეუღლე შაბათის კურიერთან ექსლუზიურ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ექსპრემიერის ხელმოწერილი ხელშეკრულებები მას კერძო დეტექტივმა გადასცა.
„ამ დოკუმენტების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ორი ფირმა გახსნეს იმისთვის, რომ თავიანთი ქონება საფრანგეთში ამ ფირმების სახელზე გადაეფორმებინათ. ეს ყველაფერი გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ გადასახადები დაემალათ. სახლი პარიზში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, გააფორმეს, როგორც ოფისი. მე შევიტანე განცხადება საფრანგეთის საგადასახადო სამსახურში, გადავეცი მათ ორი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ახლა ვისთანაც ცხოვრობს, ეკა ხვედელიძე. მათ მთელი პირადი ქონება გადაიტანეს ფირმების სახელზე, რომ გადასახადები არ გადაეხადათ. ამიტომ ახლა ჩემს საქმეში საგადასახადო სამსახურიც ჩაერთვება, რომ აგებინონ პასუხი გადასახადების გადაუხდელობისთვის და მოტყუებისთვის,“ - აღნიშნა ინგა პავლოვამ.
პავლოვა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მთავრობას დიდი ოდენობით გადასახადს უმალავს, რადგან დიდძალ ქონებას საფრანგეთში ფლობს. ინგა პავლოვა ივანიშვილის ქონების დაყადაღებასაც ითხოვს.
„საქმე სერიოზულია, ჩემს საჩივარზე 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გადასახადების დამალვისთვის სასჯელი, ალბათ, 10 წელი იქნება. ამ ყველაფერს ციხის სუნი ასდის. ფული ვეღარ უშველით, ციხე ელით. ადვოკატმაც მითხრა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა. ის რომ ჯარიმას გადაიხდის და ამით ყველაფერი დამთავრდება, ასე ნამდვილად არ იქნება. ჯერ არ გადაუმოწმებიათ ორმაგი ქორწინებაც,“ - განაცხადა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ.
სასარჩელო განცხადებაში ინგა პავლოვა წერს, რომ ივანიშვილი გადასახადებს იმ მოტივით არ იხდის, რომ საფრანგეთთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც არის და იქ ცხოვრობს. ასევე არ იხდის გადასახადებს საქართველოში, რადგან ამბობს, რომ საფრანგეთiს მოქალაქეა.