თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მატარებლით მგზავრობა დღეიდან ერთი საათით მცირდება. ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი საზეიმო ვითარებაში ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
ახალი გვირაბი სარკინიგზო მაგისტრალის მასშტაბური რეაბილიტაციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სრულად 2019 წელს დასრულდება.
„დასრულდა საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის, 8.5-კილომეტრიანი გვირაბის გათხრის სამუშაოები. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბი გახლავთ თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილი, რომლის განხორციელებამაც უაღრესად მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილი მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მათი გათვლებით პროექტი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.
„ჩვენ გვექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
განცხადება გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძე.
„ამ პროექტის რეალიზაციის შემდეგ, ხარისხობრივად და თვისობრივადაც, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა გახდება გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი და ის შეასრულებს მის მთავარ როლს, რომ უზრუნველყოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრული გამოყენება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.