20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მთავრობის რეორგანიზაცია - რესტრუქტურიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა

მთავრობის რეორგანიზაცია - რესტრუქტურიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის დარეგისტრირება.

ფრაქციები დაგეგმილი ცვლილებების განხილვას ელოდებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მოხდება.

„ჯერჯერობით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობიდან არ შემოსულა აღნიშნული კანონპროექტი, როგორც კი შემოვა, ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვიხილავთ, გვექნება სავარაუდოდ კითხვები და კითხვებსაც დავსვამთ და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, რაც იქნება გაწერილი პროცედურებში, დაჩქარებული წესით აუცილებლად მივიღებთ,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვები პოლიტიკოსებს ფუნქციების გადანაწილებასთან, მოსალოდნელ შემცირებებთან და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასთან დაკავშირებით აქვთ.

„მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რა არის მიზეზები, რა ეფექტს მოუტანს მთავრობის უფრო ეფექტურ საქმიანობას და რაც მთავარია, როგორი იქნება შემცირებული ბიუროკრატიული თანხები და რას მოხმარდება შემდგომში უკვე გამოთავისუფლებული სახსრები,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რათა ცვლილებებს ხელშესახები შედეგი მოჰყვეს. პარტია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტში დეფიციტის შემცირების ინიციატივის დაყენებას გეგმავს.

„არა მხოლოდ სამინისტროების ფორმალური შერწყმა უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი უამრავი უსაქმური, არაეფექტიანი უწყებები უნდა იქნას შემცირებული ან გაუქმებული, რათა ამ ცვლილებებმა მიიღოს რეალური სახე,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

დღის ამბები