ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს. თეა წულუკიანის თქმით, ამ თემაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არანირი მოლაპარაკება არ ყოფილა.
„არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება, იუსტიციის სამინისტროებს, არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დააბრუნებს სამშობლოში, ეს სამშობლო არის ღია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს. ისინი გუშინ ფოთის პორტში ბორანით ჩამოიყვანეს.