„მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ. არცერთი თეთრი არ გადამირიცხავს რაიმე საეჭვო ორგანიზაციისთვის ან პიროვნებისთვის,“ - ეს განცხადება დემირელის კოლეჯის მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სასამართლოში ჩაბუქის ადვოკატები მისთვის ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს ასაჩივრებენ.
„ჩემს მეგობრებთან ერთად 12 წელია, საქართველოს მომავლისთვის ვმუშაობ. არ ვარ მოძალადე ადამიანი, აქედან გამომდინარე, მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი. არც საქართველოში, არც თურქეთში არასდროს მიტარებია იარაღი და არც კანონი დამირღვევია. თურქეთში სამწუხაროდ, ტყუილად მდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩამიდენია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. არც იქ და არც აქ, მე კავშირი არ მქონია ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შემხვედრია. გიულენი დემირელის კოლეჯის დირექტორი არ არის, არც პატრონი, არც მეწილე და არც მისი დაფუძნებული არ არის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველოც მიყვარს. თურქეთში არიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, და ისინი უნდა დაისაჯონ. მე არაფერი დანაშაული ჩამიდენია, მაგრამ მაბრალებენ, რომ ჩავიდინე," - განაცხადა სასამართლო პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
მას იმედი აქვს, რომ მისი საქმიანობის და საქართველოს სიყვარულის გამო, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და დევნილთა სამინისტრო მიანიჭებს მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსს.
დევნილთა სამინისტრომ ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ადვოკატის, ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, უწყების არგუმენტაცია უსაფუძვლოა და მისი თქმით, ანკარისთვის გადაცემის შემთხვევაში, ჩაბუქს პოლიტიკური ნიშნით დევნა ემუქრება.