თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს და მთავრობას, ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას სთავაზობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანამდე, თბილისის მთავრობას კონკრეტულად გაწერილ ინიციატივებს გაუგზავნიან.
საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დოკუმენტი საკმაოდ სქელტანიანი იქნება და მასში მთავარი აქცენტი ადმინისტრაციული ხარჯის შემცირების ფონზე, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე გაკეთდება.
„მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს ინფრასტრუქტურაზე, მოწესრიგდეს საცობების, ავარიული კორპუსების, ინფრასტრუქტურის პრობლემა. რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიხარჯოს მრავალსართულიან პარკინგებზე თანხები, რომ მოწესრიგდეს პარკირების პრობლემა, გამწვანების და ეკოლოგიის პრობლემა. ასევე ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება და ყველა ამ მიმართულებასთან დაკავშირებით ჩვენ 25 ნოემბრამდე ბატონ კალაძეს გადავუგზავნით ვრცელტანიან დოკუმენტს, სადაც ყველა ეს მიმართულება და პრიორიტეტი იქნება გაწერილი დეტალურად,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის მერს ინიციატივით მიმართავს საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოც“. ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის თქმით, ბიუროკრატიული ხარჯის დაზოგვის შედეგად, შესაძლებელია პენსიების ზრდა, ახალი ავტობუსების შემოყვანა, ბაღების რეაბილიტაცია და სხვა პროექტების განხორციელება.
„იზოგება დაახლოებით 200 მილიონამდე, ამ 200 მილიონით შესაძლებელია 121 მილიონ 800 ათასით საპენსიო რეფორმის განხორციელება, შესაძლებელია ახალი ავტობუსების შემოყვანა, შესაძლებელია ტრამვაის ხაზის დაწყება, ბაღების რეაბილიტაცია, შესაძლებელია ქონების გადასახადის დაწევა,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი ზარქუა ოპოზიციას იაფფასიან პოპულიზმში ადანაშაულებს.
„ჩემთვის სამწუხაროა, რომ ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ იყოს კვალიფიციური, ობიექტური, ისევ იაფფასიან პოპულიზმს ნერგავს დედაქალაქის საკრებულოში და ამაზე აკეთებს აპელირებას. უბრალოდ ავიღოთ ტრამვაის ხაზი, რომელზეც ითქვა, რომ რატომ არ შეიძლება რომ გავაკეთოთ - მარტო ერთი ხაზი, რომ ავამუშაოთ, ვთქვათ 5 დეკემბრის ქუჩიდან უნივერსიტეტამდე, დაახლოებით 400 მილიონი ლარი ჯდება მინიმუმ, რა აბსურდზე გვაქვს საუბარი,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თბილისის ახალი მთავრობა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას ითხოვს. კახა კალაძის თქმით, დოკუმენტში არაა ასახული წინასაარჩევნო პროგრამა და ინიციატივები, სწორედ ამიტომ, ნარმანიას დროს შემუშავებულ ბიუჯეტს მერია საკრებულოდან უკან გამოითხოვს და დააკორექტირებს.